"ამნესთი ინთერნეიშენალი" შეშფოთებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს თავის მოვალეობას, უზრუნველყოს სამცხე – ჯავახეთის მთიან რეგიონში, ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების ეფექტური დაცვა, - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სკოლა-პანსიონის ყველა ბავშვის უსაფრთხოება ბავშვთა ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის ბრალდებების ფონზე.
"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მართული ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის ყველა ბავშვის უსაფრთხოება ბავშვთა ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის ბრალდებების ფონზე. ყველა ბრალდება საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად. გამოძიების დაწყებამდე, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სავარაუდო დამნაშავეების ან დაზარალებულთა დაუყოვნებლივი გაყვანა არსებული გარემოდან.
საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულება, მიიღოს ყველა სათანადო ზომა ბავშვების, მათ შორის ალტერნატიულ მზრუნველობაში მყოფი პირების, ყველა სახის ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობისგან, დაზიანებისგან, არასათანადო მოპყრობის ან ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დასაცავად.
ბავშვების ზუსტი რაოდენობა სადავოა, რადგან ადგილობრივი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რამდენიმე ბავშვი იქ ცხოვრობს ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე.
2015 წლიდან, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში ბავშვებისთვის არაადეკვატური პირობების გამო, ასევე სახელმწიფოს მიერ რელიგიურ სკოლა-ინტერნატებში ბავშვების ჩარიცხვისა და მათი საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობების მონიტორინგის შეუსრულებლობის გამო.
ასევე საქართველოს ხელისუფლების სურვილთან დაკავშირებით, პასუხი აგონ სავარაუდო დამნაშავეებმა. ამ შეშფოთებას ემატება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების განცხადებები, მათ შორის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, რომ მას „არ სურს, დაანგრიოს ურთიერთობა საპატრიარქოსთან", – აღნიშნულია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.
"ამნესთი ინთერნეიშენალი" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს: უზრუნველყოს სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული ყველა ბრალდების სწრაფი, ეფექტიანი გამოძიება და სავარაუდო დამნაშავეების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა; უზრუნველყოს ყველა სავარაუდო მსხვერპლი ბავშვისა და ძალადობის მოწმის დაცვა და დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგიური დახმარება; დაადგინოს ნინოწმინდის პანსიონში ამჟამად მყოფი ბავშვების ზუსტი რაოდენობა და გამოიძიოს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დაწესებულებაში ბავშვების მიღება და გარიცხვა ხდებოდა ისე, რომ ამის შესახებ პასუხისმგებელ სახელმწიფო სააგენტოებს შესაბამის შეტყობინებას არ უგზავნიდნენ; გაითვალისწინოს ბავშვების საუკეთესო ინტერესები მათთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მიღებისას. უზრუნველყოს ყველა ბავშვის პირადი ცხოვრების, საოჯახო გარემოს, განათლების, ფსიქოლოგიური და ფიზიკური უფლებების დაცვა, განსაკუთრებით გამოძიების პროცესში; უზრუნველყოს მოწმეების დაცვა, მათ შორის ბავშვების და უზრუნველყოს, რომ მოწმეების მიმართ მუქარისა და შევიწროების ყველა ბრალდება ეფექტიანად იქნას გამოძიებული; შეასრულოს გაერო-ს კომიტეტის დროებითი ზომა და უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს ჰქონდეთ წვდომა ნინოწმინდის სკოლა-პანსიონზე; გამოიძიოს და ეფექტური რეაგირება მოახდინოს სახალხო დამცველის ოფისისა და აღნიშნულ საქმეზე მომუშავე ადგილობრივი უფლებადამცველების მიმართ შევიწროებისა და მუქარების შესახებ ინფორმაციაზე; უზრუნველყოს უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო, რომელშიც შესაძლებელია ადამიანის უფლებების დაცვა დასჯის, ანგარიშსწორებისა ან დაშინების შიშის გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები






