ვინ დაიჭირეთ - რომელი მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, ლიფსიტებს რომ დაერიეთ, ღლავები მოსაპარად არიან გამზადებული, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრმა რომან გოცირიძემ პრემიერ ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს;
მისი თქმით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ ბადრი ესებუას 129 მილიონი ლარის მოსაპარად 86 ბანკის გაძარცვა დასჭირდებოდა, „თუმცა ფინანასთა სამინისტროსა და სხვა „ჩინოვნიკების“ მონაწილეობით საქართველოში 129 მილიონი ლარი დღგ-ს თაღლითური მანიპულაციით მოიპარეს“.
"ძალიან გახარებული დავრჩი შსს-ის მინისტრის განცხადებით, რომ თურმე ესებუა საქართველოში იმყოფება. გახარებული ვარ იმიტომ, რომ, თუ საქართველოში იმყოფება, ის არის ტყეში, თუ არის ტყეში, ფულიც იქ აქვს და ამ ფულს ვერ დახარჯავდა და, როდესაც მას დაიჭერთ, სამართლიანობაც აღდგება და ფულიც დაუბრუნდება პატრონს. რატომ ვახსენე ესებუა?
რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ესებუას, რომ 129 მილიონი მოეპარა, 86 ბანკი უნდა გაეძარცვა, წარმოიდგინეთ 86-ჯერ განმეორებულიყო ეს ყაჩაღობა [..] და რას ვხედავთ ჩვენ, ფინანსთა სამინისტრო და სხვა ჩინოვნიკების მონაწილეობით მოიპარეს 129 მილიონი დღგ-ის თაღლითური მანიპულაციით. ფინანსთა მინისტრმა თქვა, თურმე ამისთვის 241 პირი პასუხისმგებლობაში მიეცა, რომელთაგან დღეისათვის 69 პატიმრობაშია, ძებნილია 16, გირაო შეეფარდა 114-ს. თურმე ესენი ქურდები კი არა, მონსტრების კორპორაცია ყოფილა და თურმე ეს 200-ზე მეტი ორგანიზებული ადამიანი, რომელმაც მოიპარა, უნდა დამალოს, თურმე ამაში მაღალჩინოსნები არ არიან გარეული, ლიფსიტებს რომ დაერიეთ, რომელი მაღალჩინოსანი დაიჭირეთ?" - თქვა გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები