პრემიერმა ღარობაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში პანდემიასთან ბრძოლის კუთხითაც წარადგინა ანგარიში და განაცხადა, რომ სამედიცინო ოერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა. პრემიერის თქმით, დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს სტაცონარების მშენებლობის პროცესი, რეაბილიტაცია და აღჭურვა, რათა ქვეყანას სამედიცინო გადაუდებელი მომსახურების მიზოდების რესურსი გააჩნდეს:
„დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტია პანდემიის მართვა. დავაჩქარეთ სახელმწიფო სტაციონარული დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მუშაობამ დაგვარწმუნა, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის არსებითია სახელმწიფოს გააჩნდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკუთარი რესურსი. ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 57 ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა, 5-ის მშენებლობა კი მიმდინარეობს. სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის იწყება „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა, რომლის მიზანია სოციალური, ჯანდაცვის და სადაზღვევო სფეროთა რეფორმა. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის COVID-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო მომსახურება უფასოა. პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც. ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის ხელფასი 30%-ით გაიზარდა. ყოველწლიურად იზრდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8 000 ლარით. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტით მოსარგებლეებს შესაძლებლობა აქვთ 12 000-ის ნაცვლად 20 000 ლარის ღირებულების სამედიცინო სერვისი მიიღონ. ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის პროგრამით განსაზღვრული თანხა 15 000-დან 23 000 ლარამდე გაიზარდა. საქართველო ინარჩუნებს პროგრესს აივ ინფექციის / შიდსის, ტუბერკულოზისა და С ვირუსული ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები