„ამ კანონით გრძელდება ის სადამსჯელო ოპერაცია, რომ ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც გამოხატა პროტესტი არჩევნებთან დაკავშირებით და არ შემოვიდა პარლამენტში, ხელისუფლება სჯის და ართმევს კომისიის წევრს. ეს არის გაგრძელება იმ საკანონმდებლო პაკეტისა, რომლითაც თქვენ პარტიებს ჩამოართვით დაფინანსება და ახლა ცდილობთ რომ კომისიის წევრი ჩამოართვათ. ეს არის უკიდურესად უსამართლო მიდგომა. ლეიბორისტული პარტია, რომ შემოსულიყო პარლამენტში, დღეს აქ ეს საკანონმდებლო ინიციატივა არ იქნებოდა" - ასე გამოეხმაურა ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" წევრი აკაკი მინაშვილი საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.
მისი თქმით, კოდექსი შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო და ფართო კონსესუსი პარტიებს შორის არ არსებობს.
„ადამიანებს ჰქონდათ პოზიტიური მოლოდინი, თუმცა მოხდა ისე როგორც ხდება ხოლმე. ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო აქტი, რომელიც გარკვეულ წინსვლებს შეიცავს მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელიც უბრალოდ შეუძლებელს ხდის ამ კანონის მხარდაჭერას," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები