ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ზედმიწევნით შეასრულა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომელზედაც საუბარი იყო მოლაპარაკებების პროცესში და სადაც მოხდა პოზიციების შეჯერება, რომ უნდა შეჩერებულიყო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.
„მოლაპარაკებების ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი. ამასთან, მოლაპარაკებების წარმოებისას, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ასეთ შემთხვევაში, აზრი არ დაეკარგებოდა მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მიეცემოდა.
შესაბამისად, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პროცედურის დროებით შეჩერებასა და ახალი განაცხადების მიმდინარე პროცედურის ფარგლებში მიღებას კანონი ხაზგასმით ითვალისწინებდა, რაზეც არავის, მათ შორის არც ვენეციის კომისიას, არც მოლაპარაკებების მოდერატორს, არც მოლაპარაკებების მონაწილე ელჩებს და არც პოლიტიკურ პარტიებს საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამთ. შესაბამისად, ყველა მხარე იმთავითვე საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კანონი მიმდინარე პროცედურის გაგრძელებასა და დასრულებას ითვალისწინებდა, რაც სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან სწორედ ეს იყო კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი.
ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად - მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების წინააღმდეგ, რვიდან ოთხ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, ოპოზიციონერი პარლამენტარების ნახევარზე მეტს პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, „ქართული ოცნება" არის და დარჩება შეთანხმების ერთგული და უზრუნველყოფს მის ჯეროვან განხორციელებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






