საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა საწარმოსთვის საბუღალტრო-აუდიტორული მომსახურების გაწევისას 2014-2020 წლების პერიოდში საწარმოს კუთვნილი 3 მლნ ლარზე მეტი თანხის მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული ერთ-ერთი საწარმოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საწარმოსთვის საბუღალტრო-აუდიტორული მომსახურების გაწევისას, სისტემატურად ახორციელებდა საწარმოს ანგარიშიდან თანხის გადარიცხვას მისივე და მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც, 2014-2020 წლების პერიოდში მიითვისა საწარმოს კუთვნილი 3 000 000 ლარზე მეტი თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.
გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები