ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ევროკავშირის დამკვირვებლებს საქართველოში, მიიღონ ზომები "ქართული მორიგი ავანტიურის“ აღსაკვეთად და არ დაუშვან მოვლენათა საშიში განვითარება - ამის შესახებ დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
განცხადების თანახმად, "უწყება" ფლობს ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის ოჯახი, რომელიც სასჯელს იხდის ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპატიმროში, ემზადებიან პროვოკაციის მოსაწყობად - "სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას აპირებენ.
"უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქმედება საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძესთან მიმართებით განხორციელებულია კანონის ფარგლებში, არავითარი მიზეზი მისი მდგომარეობაზე წუხილისთვის არ არსებობს. მეტიც, ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მას მიეცა დამატებითი შესაძლებლობები - ოჯახთან პრაქტიკულად, ყოველდღიური სატელეფონო საუბრების საშუალება, მუდმივი სამედიცინო დაკვირვება, ნათესავებისგან ურიგოდ ამანათების მიღება. სამწუხაროდ, ამ ჰუმანიტარული პრაქტიკის შეფასება საქართველოში ვერ შეძლეს და უპასუხეს არაცივილური ნაბიჯებით. ისტერიკა, უკანონო აქციის დაანონსება სახელმწიფო საზღვარზე, რომლებიც დაფუძნებულია აბსურდულ ულტიმატუმებზე - ეს ქმედებები ცხინვალში სხვაგვარად ვერ განიხილება, თუ არა მორიგი ქართული პროვოკაციის მომზადება“, - აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
მათივე თქმით, ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ე.წ. სამხრეთოსური მხარე იძულებული იქნება დამოუკიდებლად აღკვეთოს „საქართველოს ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხე და მიიღოს ყველა გათვალისწინებული ზომები სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად. პასუხისმგებლობა შესაძლო პროვოკაციის შედეგებზე მთლიანად ქართულ მხარეს ეკისრება“, - აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






