ამირან გამყრელიძის თქმით, იმ მოქალაქეებს, ვინც ასტრაზენეკას პირველ დოზაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა, აცრა ვერ მოხერხდა, შესაძლოა, სინოფარმით ან სინოვაკით აცრა შესთავაზონ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ასტრაზენეკას კიდევ 43 ათასი დოზა, თუმცა, უცნობია, როდის მოხდება ეს.
"რადგან გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით შემოდის ეს ვაქცინები, ჩვენ ვმუშაობთ იუნისეფთან, რომ დაგვიზუსტონ, როდის იქნება მოწოდებული 43 000 ათასი ვაქცინა და ამის მიხედვით დავგეგმავთ.
მაგრამ შეიძლება იყოს ალტერნატივა - პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ, თუ დათანხმდებიან, სინოფარმით ან სინოვაკით აცრა.
ხაზს ვუსვამ, ვინც ჩაწერილია და მეორე აცრა აქვს 10-დან 12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, იმიტომ, რომ ასტრაზენეკას დაახლოებით 1 600-მდე დოზა ჩვენს ქსელში გვაქვს და ყველა მათგანი აიცრება.
ვისაც ჰქონდა ჯავშანი პირველი აცრიდან 4-დან 10-კვირამდე, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას, კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ამ უხერხულობისთვის და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, როგორც კი გვექნება დადასტურება, თუ როდის შემოვა ასტრაზენეკას ვაქცინის 43 000 დოზა". - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






