ინციდენტი ხონში - კომენდანტის საათის დროს ქუჩაში პოლიციის მიერ გაჩერებული ნასვამი მამაკაცი სამართალდამცველებს დაესხა თავს. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც უწყების გაცხადებაშია ნათქვამი, ინციდენტის დროს დაშავდა როგორც პოლიციელი, ისე ბრალდებული. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული თ.კ. ხონში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, თ.კ. ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და არღვევდა 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს. პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ისე პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს" - წერია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები