ძალადობრივი კამპანია სოციალურ ქსელში და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დისკრიმინაციის შენიღბული პიარი - ISFED-ის საგანგაშო კვლევა
პოლიტიკა - 15:24, 21 Jun, 2021     760

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) საგანგაშო კვლევას აქვეყნებს, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ დისკრიმინაციის შენიღბულ პიარს ეხება და საზოგადოებაში სიძულვილის დანერგვას უწყობს ხელს:

"2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ფეისბუქზე ხელოვნური მხარდაჭერის შემქმნელი და ოპონენტთა მადისკრედიტირებელი გვერდების ქსელი გააქტიურდა, რომელსაც ულტრამემარჯვენე პარტია „ქართული იდეა“ მართავს. პოლიტიკური პოლარიზაციისა და აგრესიის გაღვივების მიზნით, აღნიშნული ქსელი მკვეთრად ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, მიზოგინიურ და ძალადობრივი შინაარსის პოსტებს ავრცელებს. გამომწერების აზრზე ზეგავლენისთვის, გვერდები სისტემატურად მანიპულირებენ საზოგადოების რელიგიური და ნაციონალისტური გრძნობებით. ღირებულებებითი მანიპულაციებით წარმართული კამპანიები, სოციალურ მედიაში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ აქამდეც გამოავლინა. ამ შემთხვევაში, „ქართული იდეა“ მსგავსი ტაქტიკით აწარმოებს ფეისბუქ კამპანიას, რომელიც ხშირად იშველიებს სასულიერო პირებისგან გაჟღერებულ დისკრედიტაციულ ან/და მხარდამჭერ გზავნილებსაც.

„ქართული იდეის“ კოორდინირებული ქსელი 11 გვერდისგან შედგება, საიდანაც 5 ანონიმურია, დანარჩენი კი პარტიის ღიად მხარდამჭერი. გვერდები "ლიბერალიზმი კლავს", "ახალგაზრდული", "პოლიტიკური ნაკვალევი", "დიდ ხარ შენ უფალო" და „ქართული გვერდი“ შეფარულად მოქმედებენ, თითქოს ისინი რელიგიური, ნაციონალისტური ან ზოგადად პოლიტიკური მოვლენების გამშუქებელი გვერდები არიან. თუმცა, ისინი არაკეთილსინდისიერად იყენებენ პლატფორმის შესაძლებლობებს და პარტიის ღიად მხარდამჭერ გვერდებზე გამოქვეყნებულ მასალას კოორდინირებულად ავრცელებენ. ქსელის ტაქტიკა ერთგვაროვანია - პირველ ეტაპზე, „ქართული იდეის“ ლიდერები იწყებენ ე.წ. ლაივ ვიდეოს პირად ან პარტიის ოფიციალურ გვერდებზე. შემდგომში, ვიდეოს ნახვების გაზრდის მიზნით, ანონიმური გვერდები დროის ერთ მონაკვეთში აზიარებენ აღნიშნულ ვიდეოებს. რიგ შემთხვევებში, კამპანია დასპონსორებულ პოსტებს მოიცავს, რომლის ავტორები ანონიმური გვერდები არიან, რათა დაფარული იყოს დისკრედიტაციული და მხარდამჭერი ნარატივების რეალური გამავრცელებლის ვინაობა.

CrowdTangle-ით გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, შექმნის დღიდან 7 ივნისის ჩათვლით, „ქართული იდეის“ კოორდინაციული ქსელის ჯამური ინტერაქცია 3.83 მილიონია და ჯამში, მოცემულ გვერდებს 216,191გამომწერი ჰყავთ.

„ქართული იდეის“ გვერდების კამპანია

კოორდინირებული ქსელის სათავეში რატი ყაველაშვილი ფიგურირებს. ის სტიქაროსანია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში დეკანოზ თადეოზ სარალიძესთან, რომელმაც, ბავშვთა მიმართ სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გამო, საპატრიარქოსგან საეკლესიო სასჯელი მიიღო. აღსანიშნავია, რომ თადეოზ სარალიძე, 2020 წელს, „ქართული იდეის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა და მრევლს არჩევნებში პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

რატი ყაველაშვილი მართავს ქსელის ჯგუფს „დიდ ხარ შენ უფალო“ და მინიმუმ ორ გვერდს - „დიდ ხარ შენ უფალო“ და „ქართული გვერდი“. „დიდ ხარ შენ უფალო“ რელიგიური შინაარსის ანონიმური გვერდია. გვერდის აღწერაში მითითებულია პოსტების მოჩვენებითი შინაარსი: „აქ იხილავთ: ხატებს, ლოცვებს, ვიდეოებს, და სხვადასხვა სიახლებს“. რეალურად, გვერდი აქვეყნებს რელიგიურ მასალას გამომწერების მოზიდვისა და მომხმარებლების ნდობის მოპოვების მიზნით, შემდგომში კი მოზიდულ ფართო აუდიტორიას „ქართული იდეის“ მხარდამჭერ, ანტილიბერალურ და ძალადობრივ ნარატივებს აწვდის. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სექტემბრის თვეში, „ქართული იდეის“ ლიდერები სწორედ ამ გვერდს იყენებდნენ ლაივ ჩართვებისთვის.

ამავე სახელით მოქმედ ჯგუფში ყაველაშვილი აზიარებს „ქართული იდეის“ ლიდერების პირდაპირ ჩართვებს, „ალტ-ინფოს“ გადაცემებს, სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელ პოსტებს და სასულიერო პირების საკვირაო ქადაგებებს. ჯგუფი მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ კამპანიასაც ეწევა, რომელმაც ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობის სავარაუდო ფაქტები დაფიქსირდა, ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა. საზოგადოებამ აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა, „ქართულმა იდეამ“ კი სახალხო დამცველის მადისკრედიტირებელი კამპანია წამოიწყო. პარტიის თქმით, სახალხო დამცველს პანსიონში „გარყვნილების და სიბილწის პროპაგანდის“ შეტანა სურს. ამის გამო, ჯგუფმა „დიდ ხარ შენ უფალო“ და „ქართული იდეის გვერდმა“, სახალხო დამცველის მადისკრედიტირებელი მასალების გავრცელება დაიწყეს. ამ მიზნით გაზიარებულ პოსტებს შორისაა გია გაჩეჩილაძის მოძრაობა „აი იას“ და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ მასალები, ასევე სამთავრობო მედია POSTV-ის ანტილიბერალური გადაცემები.

მსგავსია „ქართული გვერდის“ ტაქტიკაც და მასალაც, რომელიც, ასევე, შენიღბულად მოქმედებს. „ყველაფერი ქართული, ქართული ამბები, ქართული სიმღერები, ქართული მუსიკა, ქართული ლექსები“ - ვკითხულობთ გვერდის აღწერაში, თუმცა გვერდი არც სათაურში და არც პირველად ინფორმაციაში არაა გაცხადებული, რომ იგი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, ნაციონალისტურ და რელიგიურ პოსტებში კი შერეულია „ქართული იდეის“ ლიდერების მოწოდებები და შემოთავაზებები ლევან ვასაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობა "ერში" გასაწევრიანებლად.გვერდზეა მითითებული რატი ყაველაშვილის იუთუბ არხიც, რომელზეც, საკვირაო ქადაგებებთან ერთად, კონსპირაციული, ოპონენტების მადისკრედიტირებელი და "ქართული იდეის" მხარდამჭერი ვიდეოები ქვეყნდება. გვერდი ხშირად მანიპულირებს დავითგარეჯის საქმით, ავრცელებს ქსენოფობიურ განცხადებებს და ლიბერალებს ანტიეროვნულებად აიდენტიფიცირებს დავითგარეჯის საქმის ირგვლივ არსებული შეხედულებების გამო.

შენიღბულად მოქმედებენ გვერდები „ახალგაზრდული“, „ლიბერალიზმი კლავს“ და „პოლიტიკური ნაკვალევი“, რომლებიც, ძირითადად, „ქართული იდეის“ ერთ-ერთი ლიდერის, რამინ აბესაძის, პირდაპირი ჩართვების გაზიარებით არიან დაკავებულები. პირდაპირი ჩართვების დაწყებიდან მალევე, გვერდები დროის მოკლე მონაკვეთში აზიარებენ მის ვიდეოებს, ამიტომ, სავარაუდოა, რომ აღნიშნულ გვერდებს სწორედ რამინ აბესაძე მართავს.

კოორდინირებულ ქსელში მოქმედი კიდევ ერთი გვერდი გურამ ფალავანდიშვილის დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ სახელწოდებას ატარებს. თუმცა, აქ გავრცელებული და დასპონსორებული მასალა პარტია „ქართული იდეის“ აქტივობების მხარდაჭერას ემსახურება. ამავე გვერდის ინფორმაციაშია მითითებული რელიგიური შინაარსის ვებ-გვერდი ZNEOBA.GE. რომელიც, ამჟამად, ივლისში დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგო, ჰომოფობიურ კამპანიას ეწევა.

ყველა სხვა დანარჩენი გვერდი ("ქართული იდეა - qartuliidea.ge", "რამინ აბესაძე • Ramin Abesadze", "საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ქართული იდეა", "ფალავანდიშვილთან" და "ქართული იდეა 4 ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის") პარტიის სახელით ღიად მოქმედი/ოფიციალური გვერდია. სწორედ აღნიშნული პოსტების გავრცელებას ცდილობენ ანონიმური გვერდები უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლით, რისთვისაც მომხმარებლების რელიგიურ და ნაციონალისტურ ღირებულებებს იყენებენ.

პარტიის ლიდერები გზავნილებში პოზიციონირებენ, როგორც „სოდომიის“, კაზინოების, ნარკომანიისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ მებრძოლები. გვერდები ხშირად ავრცელებენ კონსპირაციებს „მსოფლიო მმართველობის“ და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. ამასთან, გვერდები საზოგადოებას უქმნიან წარმოდგენას, თითქოს ყველა ღარიბ ოჯახს მალე სახელმწიფო შვილებს წაართმევს „იუვენალური კანონით“, ხოლო „შვილების დაცვას“ პარტია „ქართული იდეა“ იღებს საკუთარ თავზე. ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „ქართულმა იდეამ“ სახალხო დამცველის გადადგომა მოითხოვა და მეუფე სპირიდონს მხარდაჭერა გამოუცხადა.პარტია მჭიდრო თანამშრომლობაშია ლევან ვასაძის მოძრაობა „ერთან“, კოორდინირებული ქსელების გვერდები კი ხშირად მოუწოდებენ საზოგადოებას ვასაძის მოძრაობაში გაწევრიანებისკენ. პერიოდულად, გვერდები აზიარებენ ფეისბუქის მიერ გაუქმებული „ალტ-ინფოს“ მასალებსაც.

...ფეისბუქზე „ქართული იდეის“ კოორდინირებული კამპანია ამოფარებულია რელიგიურ ღირებულებებს და ანონიმურ გვერდებს, მისი შედეგი კი აგრესიის გაღვივება და საზოგადოების დაპირისპირებაა. ფეისბუქის პოლიტიკის თანახმად, პლატფორმაზე კოორდინირებული არაავთენტური ქცევა აკრძალულია. თავად კონტენტი შეიძლება არ არღვევდეს ფეისბუქის წესებს, თუმცა მათი შეფარვითი ქმედებები უკვე საკმარისია ადამიანების შეცდომაში შესაყვანად. „ქართული იდეის“ მხრიდან სიძულვილის ენა, აგრესიისკენ მოწოდება, კონსპირაციების გავრცელება და ანონიმური კამპანიების წარმოება დამაზიანებელია როგორც კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული, თანაბარი საარჩევნო გარემოსთვის, ასევე პლურალისტური დემოკრატიის და შემწყნარებელი საზოგადოების განვითარებისთვის" - წერია დასკვნაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42