გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 2 წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია წელსაც მოვლენების ეპიცენტრია. დღეს, 20 ივნისს, ორი წლის წინ აქციაზე დაზარალებულები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ. პარლამენტთან აქცია უკვე დაიწყო.
"არა ოკუპანტის ამნისტიას" - პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
სამოქალაქო აქტივისტი ირაგლკი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგია - "არა ოკუპანტის ამინისტიას". მისთვის მიუღებელია, რომ ერთ ჭრილში განიხილებიან 20 ივნისს დაზარალებულები და ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის ბრძანების გამცემები და ამ ბრძანების შემსრულებლები.
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, გიორგი რურუა აცხადებს, რომ ქვეყანაში 2 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა და ქვეყანა იგივე პრობლემების წინაშე დგას.
"სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა, იგივე პრობლემებია, რაც 2 წლის წინ იყო. უბრალოდ ერთი წინსვლაა, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს შეეხება, თუმცა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ეს არ შეასრულოს. ჩვენ ვხედავთ უზენაეს სასამართლოსა და საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას, რაც ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება. ამ მიმართულებით გვაქვს ჩვენ სამუშაო, ყველაფერი წინაა და უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია", - განაცხადა გიორგი რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






