სახლი ბოლნისში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს დალუქულია. პოლიცია ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ ქუჩური გარჩევის დროს მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ჭრილობა ზურგის არეში მიაყენეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მამაკაცი დმანისიდან იყო, ის ბოლნისში მუშაობდა და მეგობართან ერთად დროებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
დაპირისპირების დროს დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
არსებული ინფორმაციით, გარჩევაში, რომელიც მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა, 50-მდე პირი მონაწილეობდა.
"50 კაცამდე გამოვიდა, რაღაც გარჩევა ჰქონიათ, ვიღაც დაჭრილი იყო, ჭიშკართან იწვა, დატოვეს და დანარჩენები გაიქცნენ, მერე მეზობლებმა უპატრონეს", - აცხადებს ერთერთი მეზობელი.
დალუქულია სახლთან მდგარი ავტომობილებიც, რომლებიც სავარაუდოდ კონფლიქტში მონაწილე პირებს ეკუთვნით.
მასალის გამოყენების პირობები