სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს აცნობს, რომელშიც მოსამართლეთა შერჩევის გაუმჭვირვალე პროცესი, მედიაზე ზეწოლა, კრიმინალური ფაქტები, გამოუძიებელი საქმეები და პასუხგაუცემელი შეკითხვები მოხვდა.
ლომჯარიამ პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იქ არსებული არაფორმალური მმართველობა ძალადობრივ გარემოს ქმნის:
"პენიტენციური სისტემის ფარგლებში, წინა წლების მსგავსად, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არსებული არაფორმალური მმართველობა, რომელიც, თავის მხრივ, დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2013-2020 წელს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული ის საქმეები, სადაც პატიმრების მიმართვის საფუძველზე პროკურატურას მიეწოდა ინფორმაცია როგორც კრიმინალური სუბკულტურის, ისე მათი მფარველი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის კონკრეტულ ფაქტებზე. შესწავლილი საქმეების შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების (მუქარა, ცემა, გამოძალვა, ეკონომიკური დანაშაულები, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტება და სხვ.) თაობაზე, საქართველოს პროკურატურის ორგანოებს და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოს მსგავს საქმეებზე ეფექტიანი რეაგირებისა და პასუხისმგებელ პირთა დასჯის მოტივაცია არ ჰქონია და მრავალი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაუტარებელი რჩებოდა.
საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში სახეზე გვაქვს დაკავებული მოქალაქეების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. კერძოდ, 2018 წელს იგივე მაჩვენებელი 26.8%, ხოლო 2019 წელს - 31.8% იყო. შეკრება-მანიფესტაციისას და ყოველდღიურობაში ადმინისტრაციული დაკავების ხშირი გამოყენების პარალელურად, აუცილებელია დამატებითი საპროცესო გარანტიების შემოტანა, რათა არსებული სიტუაცია გამოსწორდეს და არასათანადო მოპყრობის რისკი შემცირდეს და გამოირიცხოს", - აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






