ბრიტანელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა დანიელ ჰამილტონმა ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შესახებ მთავარ არხთან ისაუბრა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მხარეებს შორის დიალოგისას საქართველოს ოკუპაციის თემა განხილული არ იყო. ჰამილტონის თქმით, მეგობარი სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე გაიტანონ:
"ვფიქრობ, ძალიან დასანანია, რომ საქართველოს ოკუპაცია, კერძოდ კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამიტზე არ ახსენეს. მე ვფიქრობ, საქართველოს ბევრი მეგობრისთვის, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები განახორციელა, იქნებოდა ეს ყირიმი თუ დონბასი, განსაკუთრებული გამოწვევაა, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე გაიტანონ.
ვფიქრობ, საქართველოს მეგობარი ქვეყნების, მათ შორის ჩემი ქვეყნის, გაერთიანებული სამეფოს, მოვალეობაა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტზე ზეწოლა მოვახდინოთ, რომ საქართველოს საკითხი მთავარ საკითხებს შორის იყოს.
ჯო ბაიდენი მრავალი წელია, რაც საქართველოს მეგობარია და ის ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა კავკასიის რეგიონის პრობლემებზე იმედი მაქვს, რომ ის რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს, რათა მათი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გავიდნენ", - აღნიშნა ჰამილტონმა.
მასალის გამოყენების პირობები






