"საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა" (GDI) პოლიტიკური მოძრაობის "ერის" დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ხელისუფლებას ათდღიანი ვადა მისცა, "თბილისი პრაიდის" ღირსების მარშის გასაუქმებლად.
როგორც ორგანიზაციის მიმართვაშია ნათქვამი, სახელმწიფო სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან სიძულვილის წამახალისებელ განცხადებებსა და ქმედებებზე:
"ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის, სხვა სიძულვილის ჯგუფების და ზოგადად ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებების/ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ და არ ახორციელებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერები და წევრები ღიად იმუქრებიან და აანონსებენ თავდასხმებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე.
GDI მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები ღირსების მარშის გამართვამდე, მათ შორის დაიწყონ გამოძიება ყველა დანაშაულის შემცველი შემთხვევის მიმართ, ხოლო დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში უზრუნველყონ თითოეული აქტივისტის უსაფრთხოება.
GDI მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო უწყებების მიერ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს და აღმოუჩენს სამართლებრივ მხარდაჭერას კვირეულის ორგანიზატორებს" - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






