თითქმის ექვსი საათიანი შეხვედრის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მეასე სხდომა დასრულდა - თუმცა, ზაზა გახელაძისა და ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი სხვა მოქალაქეების ბედი ისევ გაურკვეველი რჩება.
მთავარი საკითხი რაც ქართულმა დელეგაციამ დააყენა ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება იყო. მათ შორისაა ზაზა გახელაძე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და 2019 წელს გატაცებული გენადი ბესტაევი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის თქმით, მათ საოკუპაციო რეჟიმს მოსთხოვეს, რომ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა მისი ციხეში მონახულება შეძლონ.
"განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად და, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, ეს თარიღი ცნობილი გახდება,"- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
გახელაძეები კი ამბობენ, რომ მათ ხელისუფლების ეფექტური მუშაობის იმედი დაკარგეს და 23 ივნისის შემდეგ ისინი საპროტესტო აქციების გამართვიას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავენ.
ცნობისთვის, 33 წლის ზაზა გახელაძე უკვე 11 თვეა, რაც უკანონო პატიმრობაში რჩება, მას 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მასალის გამოყენების პირობები






