ხმაური იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც უსკო-ს თავმჯდომარედ პარმენ ჯალაღონია მეორე ვადით აირჩიეს.
მის კანდიდატურას ხმა 13-მა დეპუტატმა მისცა და ჯალაღონია უსკო-ს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და ასევე დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს. ჯალაღონიას არჩევას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, არჩევნების გაყალბებაში მას ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის და ჯალაღონიას მეორე ვადით არჩევა დაუშვებელია.
ნაციონალური მოძღაობის წევრებს კენჭისყრამდე კანდიდატთან გასაუბრება და კითხვების დასმა სურდათ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ განმარტა, რეგლამენტის მიხედვით, ჯალაღონიას უმაღლეს საბჭოში უკვე მოუსმინეს, თუმცა, მაშინ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო.
მასალის გამოყენების პირობები






