ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიგარქის მმართველობის პირობებში ქვეყანა უმუშევრობის ათეულში მოექცა. მელიას თქმით, ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე:
"მილიარდელის მმართველიბის პირობებში საქართველო უმუშევრობის ათეულში მოაქციეთ.
ათასობით ადამიანი პურსა და წყალზეა მხოლოდ.
50,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
მიმოიხედეთ ირგვლივ, ოჯახს ვეღარ ნახავთ, რომლის ერთი წევრი მაინც საზღვარგარეთ არ იყოს წასული ან წასვლაზე არ ფიქრობდეს.
მიდის ან წასვლა უნდა იმ ხალხს, ვისაც შეუძლია ამ ქვეყანაში დოვლათი შექმნას, აგური აგურზე დადოს, კეთილდღეობა გაზარდოს, თავის თავსაც არგოს და ქვეყანასაც.
სხვა რა არის, თუ არა სახელმწიფოს მიტაცება, როდესაც ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ადგილს ვერ პოულობს? პერსპექტივას ვერ ხედავს? მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანა მისთვის არაა? მისი არაა?
განა ამას ვერ ხედავთ? ვერ ამჩნევთ?
უბრალოდ არ იმჩნევთ, რადგან არ გრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ხალხის წინაშე და პასუხისმგებლები ხართ მხოლოდ ერთი კაცის წინაშე. ჰოდა, სწორედ ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება მალე!
მე აქ ვარ, რათა ყველა ჯანსაღ ძალასთან ერთად ახალი ბიძგი მივცე ახალ დიდ ერთობას, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე იქნება პასუხისმგებელი, რომ ამ შემოდგომაზევე დაგამარცხოთ თბილისშიც, მთელ საქართველოშიც და დავუბრუნოთ ხალხს ეს მიტაცებული სახელმწიფო!" - განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






