თბილისში პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტით ყიდდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ოთხივე დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერება:
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით გასაღების ფაქტები აღკვეთეს და დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტის საშუალებით სისტემატურად ყიდდნენ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს: 1984 წელს დაბადებული ლ. ნ., 2002 წელს დაბადებული ნ. ქ., 1999 წელს დაბადებულ ა. ჭ., 2002 წელს დაბადებული მ. კ.
სამართალდამცველებმა, ლ.ნ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნ.კ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მათ მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“.
ლ.ნ.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობაში ედება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნ. ქ.-ს კი ბრალად ედება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის მცდელობა, რაც 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, ა. ჭ.-ის და მ. კ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო მათ მიერ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად და გასაღების მიზნით უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი 1, 670 მლ სითხე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ და საკურიერო სერვისის ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ყუთების გამოყენებით სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს შემდგომი რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული ლოკაციებიდან 15 შეკვრად დაფასოებული 16 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.
ა. ჭ.-ს და მ. კ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ ბრალი, რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები