პოლიტიკურმა მოძრაობამ "საქართველოსთვის" ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხრიდან ყოფილი პრემიერის მიმართ ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
"მასმედიაში ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში, მზადდებოდა შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, რაში თანამონაწილეობისთვისაც ბრალი დასდო იმ დროისთვის ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს - გიორგი გახარიას, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, მისივე თქმით, უკრაინიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიცავს შესაძლო მძიმე დანაშაულის ნიშნებს.
აღნიშნული ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს პოლიციასა და თავდაცვის ძალებს, სახელმწიფოს შიდა უსაფრთხოებასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
- დაიწყოთ გამოძიება მასმედიაში გასულ შესაძლო დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე.
- გამოძიება ჩატარდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
- გონივრულ, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გაეცეს პასუხი მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს აქვს თუ არა რაიმე საფუძველი, რადგან ყოველი დაგვიანებული დღე აზიანებს ჩვენი პოლიციისა და თავდაცვის ძალების ავტორიტეტს, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზე.
- გაჟღერებული ბრალდებების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მოხდეს იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა, რომელთაც მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, შესაძლოა, ცრუ დასმენა განახორციელეს" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






