ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული მედიაგარემო, ისაუბრეს ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე, ტელევიზიების დამფუძნებლების საქმეებზე სასამართლოში და მედიის წარმომადგენლების მიმართ სამართალწარმოებაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რიკერს კომენტარი არ გაუკეთებია. არასამთავრობო სექტორის წარმომადგნლებმა კი აღნიშნეს, რომ მოსაზრებები, რომლებიც შეხვედრაზე იქნა განხილული, მედიის მდგომარეობაზე დადებითად აისახება:
"მოისმინეს მედიის პრობლემები, რაზედაც კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, არაერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ იზრუნოს და გადაჭრას. მათ შორის არის ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა.
ცხადია არის ის, რომ გამოძიებული იყოს ის დანაშაულები, რაც ჟურნალისტების წინააღმდეგ მოხდა და ხდება ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არის, მარეგულირებელი კომისია, რომელიც მედიის თავისუფლების საკითხებში მნიშვნელოვანი აქტორია.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის მოსაზრებები, რომლებიც შეხვედრაზე გაიცვალა დადებითად აისახება მედიის მდგომარეობაზეც", - განაცხადა მესამე სექტორის წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები






