საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და ეხმაურება სასამართლოს გადაწყვეტილებას, პანსიონატიდან ბენეფიციარებიდან გაყვანას, და მიიჩნევს, რომ " ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ცალმხრივად, რაღაც ანგარიშის გაწევა, რათა მათ დიდი ხმაური არ აეტეხათ".
მისივე თქმით, ეს იყო "ნაჩქარევად მიღებული" გადაწყვეტილება და თუ დაუყოვნებლივ გაყვანის აუცილებლობა იქნებოდა "სახელმწიფო სტრუქტურები" მიიღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას:
"ჩვენ უნდა დავლოდებოდით შეფასებას, დასკვნას და შემდგომ მიგვეღო გადაწყვეტილება. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ ეს იყო ცალმხრივად, ნაჩქარევად მიღებული წინასწარი, დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება შშმ პირების გაყვანასთან დაკავშირებით. ჯერ კომპეტენტურ ორგანოებს შეესწავლათ, შესაბამისი დასკვნები დაედოთ და ამის მერე მიღებულიყო გადაწყვეტილება. დაუყოვნებლივ გაყვანის აუცილებლობა თუ დადგებოდა, თავად სახელმწიფო სტრუქტურა მიიღებდა ამის შესახებ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ცალმხრივად, რაღაც ანგარიშის გაწევა, რათა მათ დიდი ხმაური არ აეტეხათ", - ამბობს ედიშერ ქარჩავა იმედთან.
ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ გამოყვანის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა ამ დრომდე მოსამართლე ივანე ღლონტის უპრეცედენტო გადაწყვეტილების აღსრულება არ დაწყებულა.
მასალის გამოყენების პირობები






