ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძებო სამსახურმა კახეთში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წამომადგენელი თანხის სანაცვლოდ მართვის მოწმობისთვის საჭირო დოკუმენტს ისე გასცემდა, რომ მოქალაქეების გადამზადებას შესაბამისი კურსით არ ახდენდა:
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირის მიმართ დევნა დაიწყეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ამავე რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო C კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ მოახდინა მოქალაქეების გადამზადება შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






