ცემა საწოლის ე.წ. „რეიკით“, სკამის ჯოხით , სახაზავით, უკიდურესი დამცირება, ბულინგი და არაადამიანური მოპყრობა ბავშვების მიმართ - ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბინადარი საჯაროდ ილაპარაკდა იმ არაადამიანურ მოპრყობაზე, რასაც პანსიონატში განიცდიდა.
19 წლის ბიჭი, რომელიც პანსიონიდან უმძიმესი პირობების გამო, 15 წლის ასაკში გაიქცა, იხსენებს, როგორ უსწორდებოდნენ მასწავლებლები ურჩ მოსწავლეებს და როგორ მკაცრად ისჯებოდა ნებისმიერი პროტესტი, რომელსაც ბავშვები პანსიონში არსებული პირობების გამო გამოთქვამდნენ.
ახალგაზრდა ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც აღმზრდელმა აღსაზრდელი სცემა, რასაც ბავშვის სიკვდილი მოჰყვა, მისივე თქმით, ეს საქმე არავის გამოუძიებია და მიჩქმალეს - აღმზრდელმა იმ დონემდე სცემა, ის ბავშვი მოკვდა, ეს საქმე მიჩქმალულია.
"ეზოში ვიყავით ჩასულები და ამ დროს ერთი ბავშვი გაიქცა გოგოებისკენ, ბიჭი, იქნებოდა 6-7 წლის დაახლოებით. ამ აღმზრდელმა ჯერ სულ თმებით ათრია და გამოიყვანა გოგოებისგან, მერე იმ დონემდე მიიყვანა ბავშვი, იმ დონემდე სცემა, თვითონაც ვერ მიხვდა ალბათ, როგორ შემოაკვდა ხელში. ეს ფაქტიც კი გაუხსნელია. შემოვიდა იქ ერთი მანქანა, პოლიცია არ იყო, ამ ბავშვს გადააფარეს რაღაც პლიონკა და წაიყვანეს.
იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული. ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", - ამბობს "ფორმულასთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






