პოლიციამ გარდაბანში 37 წლის მამაკაცი ძალადობისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების განხადებაშია ნათქვამი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბანში, ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტის მოლარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამეურნეო საგანი ესროლა, ამავე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ო. ძალადობისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბანში, ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტის მოლარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამეურნეო საგანი ესროლა. მ.ო.-მ ამავე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, რომელმაც მას სიმშვიდისკენ მოუწოდა და სიტუაციის განმუხტვა სცადა, ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ძალადობისა და ხულიგნობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები