პოპულარული ქართული კომედიის "უდიპლომო სასიძოს" პერსონაჟის, აგრონომი ნიკოლოზის მეთოდს, დანიაშიც მიმართეს. ნიკოლოზი ფერმის ძროხებს კლასიკურ მუსიკას ასმენინებდა და სადისერტაციო ნაშრომზე - "მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის დაჩქარებაში" , მუშაობდა.
კოპენჰაგენის სამხრეთით, სოფელ ლანდში მდებარე მესაქონლეობის ფერმაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. დანიელმა მუსიკოსებმა ადგილობრივ ფერმერთან ექსპერიმენტის ფარგლებში ითანამშრომლეს, რომლის მიზანიც იყო დაედგინა, რა გავლენას იქონიებდა კლასიკური მუსიკა საქონელზე.
მოგენს და ლუსი ჰაუგარდები, რომლებიც სკანდინავიური ჩელოს სკოლის დამფუძნებლები არიან სკოლის ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად უკრავდნენ.
"კლასიკური მუსიკა რომ ადამიანებს ამშვიდებს, ცნობილი ფაქტია, თუმცა ჩვენ გვაინტერესებდა რა ზეგავლენას მოახდენდა ის ძროხებზე. კონცერტის განმავლობაში ისინი არ დამფრთხალან, არც მოგვშორებიან, პირიქით, ინტერესით გვისმენდნენ, გვიახლოვდებოდნენ გვყნოსავდნენ და თითქოს ჩვენს გაცნობას ცდილობდნენ", - თქვა მოგენს ჰაუგარდმა.


მასალის გამოყენების პირობები






