უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე, ინტერესებსა და საფრთხეებზე ისაუბრა და ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო შეშფოთება გამოხატა. ღარიბაშვილმა რუსეთის მხრიდან ორივე ქვეყნის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება:
"მე მოხარული ვარ, რომ ბატონი დენის შმიგალი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა და ამას ადასტურებს ჩვენი დღევანდელი ვიზიტიც.
უკრაინას და საქართველოს აქვს ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები და ჩვენ დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია საერთო გამოწვევები და პრობლემა, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან რა თქმა უნდა, გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მე მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






