ორგანიზაცია „იდენტობა“ თავის ვებგვერდზე ერთი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ აქვეყნებს სტატიას.
სტატიის ავტორი ნინო ხარშილაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „კასცის“ ხელმძღვანელის მერაბ ხიდაშელის კავშირებს სწავლობდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საბოლოოდ, „ნეპოტიზმის ყველაზე ბანალურ გამოვლინებამდე“ მივიდა.
როგორც ირკვევა, ხიდაშელის ორგანიზაციისთვის უზურფრუქტის წესით, ივანიშვილის მიერ ფართის გადაცემაში გიორგი მარგველაშვილის ხელი ერია, რომელიც მაშინ განათლების მინისტრი იყო. სტატიაში მერაბ ხიდაშელის სხვა კავშირებიც იკვეთება:
„14 დეკემბერს გადაცემა „რეალურ სივრცეში“, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კასცის” ხელმძღვანელმა მერაბ ხიდაშელმა, სიამაყით განაცხადა, რომ განათლების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგიმარგველაშვილმა, მას გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰოსტელის მოსაწყობად,სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 800 კვადრატული მეტრი ფართი გადასცა.
“კავკასიის აბორტსაწინააღმდეგო ცენტრის” ხელმძღვანელ მერაბ ხიდაშელს უზურფრუქტის წესით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით ფართი 2013 წლის 17 ივნისს გადაეცა. საინტერესოა, რა შუაში იყო განათლების მინისტრი ფართების ჩამორიგებაში? როგორც წესი, ეს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა.
როგორც აღმოჩნდა, საქმე ნეპოტიზმის ყველაზე ბანალურ გამოვლინებასთან გვაქვს. მერაბ ხიდაშელმა ისიც განაცხადა, რომ ერთი წელი და ხუთი თვეა, რაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე ეხმარება: თითქოს ვასაძის კომპანიდან- ”ბაგრატიონი 1882″ – მანქანით ცხელი საკვები მოდის და თბილისის ტერიტორიაზე 8 ადგილზე ქუჩის ბავშვებს კვებავს.
ჩვენ ვცადეთ გადაგვემოწმებინა, მართლა კვებავენ თუ არა ქუჩის ბავშვებს ხიდაშელი-ვასაძე, ან რა საკვებით უმასპინძლდება ბაგრატოვანთა ტიტულმინიჭებული რაინდი ბავშვებს. თუ ეს მხოლოდ პიარის ნაწილია? მრავალი მცდელობის მიუხედავად, ბატონმა ხიდაშელმა ინტერვიუს დროს ის ტერიტორიები არ გაგვიმხილა, სადაც რაინდად წოდებული ბიზნესმენი ბავშვებს ცხელ სუპს ურიგებს. მიზეზად ის დაასახელა, რომ “ბავშვებს არავის დანახვა არ სიამოვნებთ.”
მალე გაირკვა, რომ მერაბ ხიდაშელი ყველაფერს ნათესაური კავშირებითა და ნაცნობ-მეგობრობით აგვარებს. როგორც თავად გვითხრა, ლევან ვასაძის მამა, შიო ვასაძე, მისი ძალზე ახლო მეგობარია – ვასაძის მამას და ხიდაშელს 20-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ.
თუმცა, არც მარგველაშვილ-ვასაძის ახლობლობაა საზოგადოებისთვის დაფარული; როგორც ამბობენ, ისინი თანაკლასელები და ახლო მეგობრები არიან.
რაც შეეხება გლდანში785 კვადრატული მეტრი ფართის გადაცემის საკითხს: როგორც ჩანს, “ხრუსტალის ქარხნის” ყოფილი შენობა, მას ნაცნობ-მეგობრობით და ნათესაური კავშირების ხათრით გადასცეს. საკითხავია, რა ესაქმებოდა მარგველაშვილს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებთან? ძაღლის თავი სწორედ აქ არის დამარხული. როგორც გავარკვიეთ, მერაბ ხიდაშელის მეუღლე, მერიკო მარგველაშვილი, აწ უკვე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ნათესავია.
ხიდაშელი არც იმას უარყოფს, რომ მარგველაშვილთან წლების მეგობრობა აკავშირებს. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ მისცა განათლების მინისტრმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართი ხიდაშელს, მან ასე გვიპასუხა: “შინაურულად ვთხოვე მარგველაშვილს და გამიკეთა.
მარგველაშვილის ბიძის, ლადო ბაგრატიონის, გაზრდილი ვარ. გიორგი ლადოს მეშვეობით გავიცანი. 15 წელია, ვახლობლობთ. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა და ამის საშუალება მიეცა, სიტყვა შემაწია”. როგორც გაირკვა, მთავრობის სხდომაზე მარგველაშვილს ეკონომიკის მინისტრისთვის უთხოვია, ხიდაშელს ეს ფართი გადავცეთო და ისიც დასთანხმდა.
785 კვადრატულ ფართს საკმაოდ მსუყე ლუკმაც მოჰყვება: ამ ჰოსტელის შესანახად და სამართავად ხიდაშელს სახელმწიფომ 2 მილიონამდე თანხა უნდა ჩაურიცხოს. “როგორც კი ფართის გადაცემას ხელს მოვაწერ და წითელ ლენტს ბიძინა ივანიშვილი გაჭრის, რაც უახლოეს დღეებში იგეგმება, მაშინვე ავტომატურად ჩაირთვება ამ ფულის გადარიცხვის კომპონენტიც”, – ამბობს მერაბ ხიდაშელი.
აღმოჩნდა, რომ ხიდაშელი პარლამენტის თაავჯდომარის, დავით უსუფაშვილის მეუღლის, პარლამენტარ თინა ხიდაშელის ბიძაცაა:
თინა ხიდაშელის ბაბუა და მერაბ ხიდაშელის მამა ძმები ყოფილან. “თინიკოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს”, – აცხადებს “კასცის” ხელმძღვანელი.
მერაბ ხიდაშელს საპატრიარქოსთანაც ახლო კავშირი აქვს:
პროფესიით გინეკოლოგი, საპატრიარქოს სამშობიაროში მუშაობდა და “კასცის” ოფისიც იქ ჰქონდა. საკითხავია, რა უნდოდა სამშობიაროში არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისს? “მესამე სამშობიაროს ედუარდ შევარდნაძის შვილი მანანა შევარდნაძე ყიდულობდა. იმდენი მოვახერხე, რომ მანანას სამშობიარო საპატრიარქოს ლანგრით მივართვი, მათ კი კეთილი ნება გამოხატეს და უსასყიდლოდ ორგანიზაციისთვის ფართი დამითმეს”.
მერაბ ხიდაშელი 90-იან წლებში მხედრიონთან და სხვა სამხედრო დაჯგუფებებთან კავშირს უარყოფს, თუმცა, ის 2010 წელს იარაღის ქონის ბრალდებით დაიჭირეს და 1 წლის განმავლობაში სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდა. “სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ვიყავი, სააკაშვილი ეკონომიკურ ავანტიურისტს მიწოდებდა.
ერთი წელი ციხეში მამყოფეს. ჩათვალეს, რომ ოცნებას ხმებს ვუგროვებდი, სახლში მომადგნენ, იარაღი ჯიბიდან ამოიღეს, მაგიდაზე დამიდეს და მითხრეს, შენიაო.
მადლობა უფალს, რომ ამაში ბევრი ადამიანი ჩაერია და მხოლოდ 1 წელი მომიწია ციხეში ჯდომა. თუმცაღა, მე არასოდეს არ მითქვამს, რომ პოლიტპატიმარი ვარ. ამაზე მეცინება”, – განგვიცხადა ხიდაშელმა“.
„ნიუპოსტი“ შეგახსენებთ, რომ ზემორემოყვანილი სტატია ორგანიზაცია „იდენტობამ“ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები






