სახალხო დამცველის აპარატი შუქრუთელების პროტესტს განცხადებით ეხმაურება და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება:
"შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ჩაერთოს შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესში, როგორც მედიატორი, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობას აპროტესტებს, რომლის გამოც საცოხვრებელი სახლები დაუზიანდათ და მიწები დაემეწყრათ. ისინი კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ და შიმშილობას განაგრძობენ. რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. რამდენიმე დღეა, რაც შუქრუთელების პროტესტმა ამერიკის საელჩოსთან გამოდინაცვლა. ისინი დეგნანს ოფიციალური წერილით მიმართავენ და სთხოვენ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს", ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები






