ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობაში სამი პირი ამხილა, აქედან ერთი მათგანი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელია, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა ყალბი დოკუმენტებით მიიღო, შემოსავლების სამსახურის ორმა თანამშრომელმა კი ამ კომპანიის შესრულებულ სამუშაოზე ინსპექტირების ყალბი დასკვნა შეადგინა:
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისას წარადგინა გამოცდილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და ამავე სამსახურის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოების შესრულებისას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გერმანული წარმოების წყლის ტუმბოების ნაცვლად, დაამონტაჟა ჩინური წარმოების იაფფასიანი ტუმბოები. რის შედეგადაც, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 15 150 ლარს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის ორმა თანამშრომელმა, რომელთაც ევალებოდათ კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე, შეადგინეს ინსპექტირების ყალბი დასკვნა, თითქოსდა ხსენებული კომპანიის მიერ განხორციელებული მომსახურება შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






