ევროპარლამენტარი , ანდრიუს კუბილიუსი , საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და "ენმ"-ს სხვა წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას აფასებს და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის იმედი აქვს.
კუბილიუსმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტზეც ისაუბრა, თქვა, რომ მმართველმა გუნდმა დოკუმენტს მისი შენაარსის მიხედვით უნდა შეხედოს.
"მე შევხვდი ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლებს, იმედი გამიჩნდა, რომ ისინი პარლამენტში შევლენ. გარდა ამისა, მათ ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებას და ყველაფერი გააკეთონ, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს, ამით არამხოლოდ კრიზისი ამოიწურება, არამედ მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება, რაც საბოლოოდ, ქვეყანას დადებით შედეგებს მოუტანს, კარგი იქნება თუ "ქართული ოცნება" შეთანხმებას შეხედავს არა სიტყვა-სიტყვით, არამედ იმის მიხედვით, თუ რას გულისხმობს ის. დანიშვნები უნდა იყოს გამჭვირვალე და ევროპული სულისკვეთებით, რათა ისეთი ხალხი მოვიდეს, რომელიც კვალიფიციური და მიუკერძოებელი იქნება და არა ისეთი, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" იქნება ახლოს, ან ეჭვს გამოიწვევს კვალიფიციურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით", - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი "მთავართან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






