"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკაშირებით პარტიების შემოსავლებსა და შემოწირულობებზე კვლევას აქვეყნებს, რომლის სიაშიც "ქართული ოცნება" მოწინავე პოზიციაზეა. პარტიამ წინასაარჩევნოდ რეკლამებში 15 მილიონ ლარამდე დახარჯა, შემოსავლითა და შემოწირულობით კი საარჩევნო სუბიექტების საერთო შემოსავლების თითქმის ნახევარი შეადგინა.
მეორე პოზიციაზე "ნაციონალური მოძრაობაა", ხოლო მესამე ადგილს პარტია "ლელო" იკავებს.
"საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 60 221 705 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რომლის თითქმის ნახევარი (48.4%) - 29 166 087 ლარი „ქართული ოცნებაზე" მოდიოდა. 8 037 276 ლარით მეორე ადგილზე ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ხოლო მესამეზე – „ლელო“ 8 036 077 ლარით. რვა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჯამში 46 586 370 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან დაახლოებით ნახევარი - 23 881 521 ლარი „ქართული ოცნებაზე" მოდიოდა, 7 975 594 ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო”, ხოლო მესამეზე 5 740 011 ლარით საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემავალი პარტიები იყვნენ", - ნათქვამია კვლევაში.
აქვე, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გასულ წელს 158 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს და ამავე პერიოდში 1,6 მილიონი პარტიის სასარგებლოდ გაიღეს:
"მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს დაახლოებით 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების" სასარგებლოდ.
2020 წელს დაახლოებით 11.7 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.8 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
8 პოლიტიკურმა სუბიექტმა სულ 60 267 443 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 49% - 29 817 933 ლარი „ქართული ოცნებაზე" მოდიოდა, 7 995 487 ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო”, მესამეზე კი - ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შემავალი პარტიები 7 818 767 ლარით
სარეკლამო ხარჯებმა ჯამური ხარჯების არსებითი ნაწილი (59%) შეადგინა და მისმა ოდენობამ 32 მლნ ლარს გადააჭარბა. მმართველმა პარტიამ რეკლამაზე 14 387 881 ლარი დახარჯა, რაც ყველა პარტიის სარეკლამო დანახარჯების 45% იყო" - წერია ორგანიზაციის ანგარიშში..
მასალის გამოყენების პირობები






