87 მომხრე და 9 წინააღმდეგი - პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია ქართული ოცნების მიერ მომზადებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტის 2 ვარიანტია დარეგისტრირებული: ხელისუფლების და ოპოზიციის.
ცნობისთვის, უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოზიციების დაახლოების მიზნით დღეს მორიგი შეხვედრა გამართეს, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
"ოცნების" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. აგრეთვე, ამნისტია ვრცელდება 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.
ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.
კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.
მასალის გამოყენების პირობები






