ლუკაშენკოს რეჟიმის ვერსიით, ბელორუსმა დისპეჩერებმა Ryanair-ის პილოტებს განუცხადეს, რომ თვითმფრინავის ბორტზე ბომბია, რის შესახებ "წერილი ერთდროულად რამდენიმე აეროპორტმა მიიღო". ამის დასადასტურებლად ბელარუსის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა საუბრის ჩანაწერი თვითმფრინავის ეკიპაჟსა და დისპეტჩერებს შორის.
როგორც აღმოჩნდა, მინსკის აეროპორტმა ეს "წერილი" დისპეჩერებსა და პილოტებს შორის საუბრის შემდეგ "მიიღო". რეალურად მოვლენათა ქრონოლოგია შემდეგია:
ბელარუსის საჰაერო სივრცეში რეისი 12:30-ზე შევიდა, პილოტებსა და დისპეჩერებს შორის საუბარი 12:33-ზე გაიმართა, თვითმფრინავი მინსკის აეროპორტის მიმართულებით 12:47-ზე შეტრიალდა, ხოლო მინსკის აეროპორტმა წერილი 12:57-ზე მიიღო, რასაც მოცემული ფოტოასლი ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ წერილში, რომელიც მისამართიდან "ahmed_yurlanov1988@protonmail.com" არის გამოგზავნილი, ავტორი აცხადებს, რომ დაჯგუფება "ჰამასის" წევრია, რასაც თავად ორგანიზაციაში კატეგორიულად უარყოფენ. ხოლო წერილში მოყვანილი მოთხოვნა - შეწყდეს ცეცხლი ისრაელსა და პალესტინას შორის უკვე აღარ იყო აქტუალური, რადგან იმ დროისთვის მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე მოქმედებდა.
ამასთან, საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო აცხადებს, რომ ათენის აეროპორტს მსგავსი შეტყობინება არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები






