,,გაოცებული ვართ თბილისის მერიის თავხედური ქმედებებით, რომლითაც ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოზე და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინათ საკუთარი არაკომპეტენტურობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტექნიკური მოწყობილობების კუთხით, გამოესწორებინათ მათთვის ჩვეული ზედაპირული მიდგომები, „რომ თითქოსდა ყველაფერი იციან“ და საფუძვლიანად შეესწავლათ ევროკომისიის სტანდარტები და დირექტივები, ცდილობენ ჩვენ დაგვდონ ბრალი, რომ თითქოსდა საჩივარი დაუსაბუთებელია.
სრული აპსუხისმგებლობით ვაცხადებთ: ჩვენს მიერ მოგებულ ტენდერში შეთავაზებული გვაქვს ავტობუსის მოდელი, რომელიც აღჭურვილია ევროპის პარლამენტის 2007/46/EC შესაბამისობის სერთიფიკატით და ამაში დავების საბჭოც დარწმუნდება. საზოგადოებას გვინდა ავუხსნათ, რომ ევროპარლამენტის დირექტივების მიხედვით, ავტობუსს მხოლოდ შესაბამისობის სერთიფიკატი გააჩნია და არა ხარისხის. ხარისხის სერთიფიკატები გააჩნიათ კვანძებს.
საზოგადოებას გვინდა ასევე ვამცნოთ, რომ ტენდერში გამარჯვებისთანავე, ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩვენს ქართულ პარტნიორთან, რომლის თანახმადაც ჩვენ ვივალდებულეთ განვახორციელოთ ინვესტიციები საქართველოში, ერთობლივად ავაშენოთ ახალი, ავტობუსების და სხვა საავტომობილო ტრანსპორტის საამწყობო ქარხანა და შესაბამისი სერვის-ცენტრი", - აცხადებს საყვარელიძე.
,,ნიუპოსტისთვის" მოწოდებულ წერილში საყვარელიძე მიუთითებს, რომ უკვე შედგენილი ბიზნეს გეგმები ითვალისწინებს, პირველ ეტაპზე 500-მდე ადამიანის დასაქმებას, რომელიც ორ წელიწადში გაიზრდება 1500-მდე, სამუშაო ადგილების მინიმუმ 5% გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისათვის.
,,აი, სწორედ ამას ებრძვის მერია, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
შესაბამისად, ჩვენც თხოვნით მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყონ დავის განხილვის საჯაროობა და ობიექტურობა“, - აცხადებს ავთანდილ საყვარელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






