საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნებს ეხმაურება და პროცესს შიდაკლანურ როტაციად აფასებს. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წლების განმავლობაში ამ პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ის ძირითადად არაკონკურეტულ გარემოში მიმდინარეობს და საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერები ხვდებიან:
"დღეს მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი გამოწვევა კლანური მმართველობა და მისი ალიანსია ხელისუფლებასთან. მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს გააჩნია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის ეფექტიანი ბერკეტები. კლანის ძირითადი საყრდენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, რომელიც იღებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს. 2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის სხდომა დაინიშნა, რომელზეც საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევაა დაგეგმილი. წლების განმავლობაში ამ პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ის ძირითადად არაკონკურეტულ გარემოში მიმდინარეობს და საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერები ხვდებიან, რომელთა უმრავლესობასაც უკავია ან წლების მანძილზე ეკავა მენეჯერული თანამდებობა.
არჩევნები განახლებასთან და ახალ პერსპექტივებთან ასოცირდება, თუმცა მოლოდინები ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა. საია მიიჩნევს, რომ ეს არის როტაცია კლანისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს შორის, სადაც საბჭოს მოქმედ მოსამართლე წევრებს, გავლენიანი ჯგუფის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მოსამართლეები ჩაანაცვლებენ" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






