იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა არჩევის პროცესს პროტესტის ნიშნად გამოეთიშა - ამის შესახებ ჯანეზაშვილმა თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ვერ მიიღებს იმ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ქვეყანას იმედს უწყვეტს, უზენაესი სასამართლო კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტდეს:
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამოვეთიშო და აღარ მივიღო მონაწილეობა უზენაეს სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესში, რომელიც ვფიქრობ, რომ თუკი მივა, საბოლოოდ დაასამარებს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელი მოსამართლეების შექმნის პერსპექტივას. ვემხრობი, შეჩერდეს მოსამართლეთა კონფერენცია, არ აირჩიონ ახალი წევრები, ვინაიდან დასაწყებია სერიოზული რეფორმები და საფუძვლიანი ცვლილებები.
პროტესტის ნიშნად უარს ვაცხადებ პროცესში მონაწილეობაზე. ვფიქრობ ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც ხდება ფაქტობრივად საბოლოოდ დაკომპლექტება უზენაესი სასამართლოსი, რადგან ის შედგება 28 მოსამართლისგან და 2019 წელს დიდი ნაწილი მოსამართლეების საქართველოს პარლამენტმა უკვე აირჩია.
მე როგორც ერთი წევრი, ვერ მივიღებ იმ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყანას ფაქტობრივად უწყევტს იმედს, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს კვალიფიცური და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






