ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად, მკაცრად გმობენ Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობრის, სოფია საპეგას დაკავების ფაქტებს.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროპის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალონ.
"ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში მოქმედ ყველა გადამზიდავს, თავი აარიდონ ბელარუსის ტერიტორიის თავზე გადაფრენას; მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს აუცილებელი ზომები ბელარუსული ავიაკომპანიების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენების აკრძალვისა და ამგვარი ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აეროპორტებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით",- ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების განცხადებაში.
ამასთან, ევროპული საბჭო მოუწოდებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, სასწრაფოდ გამოიძიოს Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვების უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სამიტი საბჭოს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს კერძო პირებისა და ორგანიზაციების ახალი სია, შესაბამისი სანქციების ჩარჩოს საფუძველზე.
მასალის გამოყენების პირობები






