"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მხარდამჭერებს გორში ხვდებიან. რეგიონებში შეხვედრების ფარგლებში ეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების რიგით მესამე შეხვედრაა.
ენმ-ს წვრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია თვის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე კი ამ ფორმატში ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა რეგიონში მხარდამჭერებს შეხვდება და მათ აზრს მოისმენს საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით:
,,ენმ აპირებს თვის ბოლოს მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში, შეხვედრებს აქტივთან, პარტიის თავმჯდომარეებთან და წევრებთან, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები, მითუფრო, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, ნიკა მელია სწორედ მათი აზრის გათვალისწინებას აპირებს. გუშინ გახლდით თელავში, დღეს რუსთავში, ახლა ვართ გორში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების აზრის გათვალისწინება, რადგან, ამ წლების განმავლობაში, სწორედ ამ ადამიანებზე გადაიარა იმ მძიმე რეპრესიებმა, ყველა არჩევნებმა და ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის ძირითადი საყრდენი და მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ნიკასთვის. დღეს ვიმსჯელებთ, მოვისმენთ ყველანაირ არგუმენტს როგორც შესვლაზე, ასევე შესვლის საწინააღმდეგოდ და ამ ადამიანების ჩართულობა და დისკუსია უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით ყველამ იცის, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ნიკასთვის და საერთო აზრის ჩამოყალიბებისთვის. ჩემი არგუმენტი არის ის, რომ ამ ახალ ვითარებაში, ახალ გარემოებაში, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ რეალური განსხვავება ,,ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






