იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელისთვის გაგზავნილ პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას საპასუხო წერილს ეხმაურება. წერს, რომ კუჭავა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
ჯანეზაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
"19 აპრილს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო და ხელახლა დაწყებულიყო განცხადებების მიღება ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. არც ახალი კანონია მიღებული და კანდიდატების მოსმენები შეთანხმების შემდეგაც ჩატარდა. კუჭავა აცხადებს, რომ "საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები კანონში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას ეხება." დიახ, ეს მართლაც მოხდა, მაგრამ შეთანხმებამდე 2020 წლის 1 აპრილს და არა შეთანხმების შემდეგ. ცხადია თარიღს არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ უკვე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დამაკმაყოფილებელი იყო ყველასთვის, მაშინ რატომ მოხვდა დოკუმენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერების შესახებ პუნქტი?
კუჭავა აღნიშნავს, რომ "აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ხელახლა გამოცხადდა ვაკანსიებზე განაცხადების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა. სწორედ აღნიშნული პირობა იყო ასახული პოლიტიკურ შეთანხმებაში." ასეთი რამ არ მომხდარა. 2021 წლის 5 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა დამატებითი განცხადებების მიღება და არა "ხელახალი" კონკურსი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ძველი კონკურსი ძალაში დარჩა და უკვე არსებულ კანდიდატებს დაემატა რამდენიმე ახალი კონკურსანტი. ამიტომ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ "ხელახლა გამოცხადდა" ვაკანსიებზე განაცხადების მიღება - არის მცდარი ინფორმაცია.
წერილში ასევე საუბარია არამოსამართლე წევრების არჩევაზეც. კუჭავა მიუთითებს, რომ "საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს." 23 მარტს საბჭოს 1 არამოსამართლე წევრს, შოთა ქადაგიძეს უკვე გაუვიდა უფლებამოსილების ვადა, ამიტომ მარტის ბოლომდე საქართველოს პარლამენტს ახალი წევრი უნდა აერჩია, თუმცა დღემდე ეს ადგილი ვაკანტურია. ახლა გაახსენდათ რომ ვადების დაცვა მნიშვნელოვანი", - წერს ჯანეზაშვილი Facebook-ზე.
მასალის გამოყენების პირობები






