საქართველოს მთავრობის ცნობით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
ზურაბ აბაშიძის შეხვედრა რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი კარასინთან ონლაინ ფორმატში დღეს, 21 მაისს გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაზე და ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.
"კერძოდ, ხაზი გაესვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის სასწრაფო განთავისუფლების აუცილებლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.
აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-აპრილში შეინიშნება პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 20%-ით და 476 21 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 27%-ით და შეადგინა 159 61 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 17%-ით და შეადგინა 316 60 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც. მიმდინარეობს შარშანდელი პანდემიური შოკით გამოწვეული ვარდნის გადალახვის პროცესი. საუბარი შეეხო ქონებრივი საკითხების მოგვარებასაც", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.
"აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორი ქვეყნის ექსპერტთა კონტაქტებს საჭიროებენ", -ვკითხულობთ ქართული მხარის გავრცებეულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და რუსეთის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წლის შეთანხმებას.
"მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას", - აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები






