სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2021 წლის 2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინდელი კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარისა და მოქმედი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადება სახიფათოდ შეაფასა.
აღნიშნლის მიუხედავად წულუკიანს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა. ინსპექტორის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში.
ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია ჟურნალისტებ ელისო კილაძესა და ნანუკა ჟორჟოლიანზე, რომლებმაც წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადების შემდეგ თეა წულუკიანის ნომერიც საჯაროდ, Facebook-ზე გაავრცელეს.
სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით, შემოწმების ფარგლებში კილაძეს, ჟორჟოლიანსა და წულუკიანს ეთხოვათ ინფორმაცია, როდის, რა გზით და რა მიზნით მოიპოვეს მათ მიერ გასაჯაროებული ტელეფონის ნომრები. ჟორჟოლიანმა და კილაძემ მოთხოვნილი ინფორმაცია სამსახურს წარუდგინეს, თუმცა თეა წულუკიანმა სახელმწიფო ინსპექტორს ეს ინფორმაცია არ მიაწოდა.
ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში.
"იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი. პარლამენტის წევრებისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების მიზანი არის ის, რომ მათ მიეცეთ მნიშვნელოვან დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება მათზე დაკვირვებების, შეზღუდვების ან მოსაზრებების რედაქტირების, ასევე, სასამართლოს ან სხვა ამგვარი ორგანოს წინაშე წარდგენის საშიშროების გარეშე. იმუნიტეტი, პარლამენტარისთვის "გარე პირის" (ხელისუფლების სხვა შტოს) მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებისგან დაცვის გარანტიაა და პარლამენტარს მის მიერ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო, პოტენციურად გაუთავებელი სამართლებრივი დავებისაგან იცავს. ამგვარ დავებს, შეუძლიათ შეზღუდონ პარლამენტარების მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება იმდენად, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს სადეპუტატო მანდატის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორმა თეა წულუკიანს არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა". – ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






