მისი ჩვენება გამოიყენა ბრალდებამ მისი უშუალო ხელმძღვანელის, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს უფროსის რომან შამათავას წინააღმდეგ, რომელიც ტერაქტის ხელოვნურად მოწყობის ბრალდებითაა დაკავებული და ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
ალექსანდრე დანელიასთან ერთად, აღიარებითი ჩვენება ამავე ბრალდებით დაკავებულმა მალხაზ მურღულიამაც მისცა, რომელიც ამ ჩვენების შემდეგ 5.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ, პროკურატურის მოთხოვნით, ჩვენების მიცემიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს. საქმეში ფიგურირებს ასევე ბახვა ჩიქობავა, რომელიც ხურჩის ტერაქტის დროს და შემდეგაც შსს-ს საგანგებო დავალებათა სამმართველოს უფროსი იყო რეგიონში. ბახვა ჩიქობავა საერთოდ არ დაუკავებიათ, თუმცა, მისი ჩვენება საქმეში არსებობს და ისიც ამტკიცებს, რომ შამათავამ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ხურჩის ტერაქტი ხელოვნურად დარგეს, რათა მოსახლეობაში პანიკა გამოეწვიათ და დაენერგათ აზრი, რომ მათი მშველელი მხოლოდ ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები არიან.
ამჟამად არ შევჩერდებით ალექსანდრე დანელიას ჩვენებაზე, რომელიც უკვე გასაჯაროვდა, უბრალოდ, მისი მეგობრებისა და მისივე ადვოკატის ნაამბობზე დაყრდნობით ვეცდებით აღვადგინოთ, რა ვითარება უძღოდა წინ ალექსანდრე დანელიას გარდაცვალებას. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდრე დანელია, შამათავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემიდან სულ ცოტა ხანში, შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
რომეო საჯაია, რომელიც ალექსანდრე დანელიას ერთერთი ადვოკატია, აცხადებს, რომ გარდაცვალების დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფს კონფლიქტი ჰქონდა ზემდგომებთან. ამის დასადასტურებლად რომეო საჯაია იმ პირების, დანელიას მეგობრების ნაამბობს იხსენებს, ვისაც აწ გარდაცვლილი პოლიციელი ტრაგედიის დღეს ესაუბრა. რომეო საჯაიასა და გიორგი ონიანს აქვთ ინფორმაცია, რომ გარდაცვალების დღეს, 23 ნოემბერს ალექსანდრე დანელია სამსახურში პირისპირ ესაუბრა სამ მაღალჩინოსანს, რის შემდეგაც პოლიციის შენობა გაბრაზებულმა დატოვა, სახლში მისვლამდე კი გზიდან დაურეკა ძველ თანამშრომლებს. ადვოკატთა ინფორმაციით, სავარაუდოდ, ალექსანდრე დანელიამ მეგობრებს ზეწოლის შესახებ უამბო და უთხრა, რომ იმ აღიარებითი ჩვენების გარდა, რაც უკვე მისცა, მისგან ითხოვდნენ, უშუალოდ დაესახელებინა რომან შამათავა, როგორც პირი, რომელიც იმ დღეს ხურჩაში ყუმბარმტყორცნიდან ისროდა: „ის არ იკმარეს, რაც გამაკეთებინეს და ახლა იმას მთხოვენ, ვთქვა, ვითომ ეს ყველაფერი დავინახე, ამოვიდა ყელში, აღარ ვაპირებ გაჩუმებას“, - უთქვამს დანელიას.
სწორედ ამ საუბრიდან ცოტა ხანში ალექსანდრე დანელია გარდაცვლილი იპოვეს. ადვოკატებს აეჭვებთ ის გარემოებაც, რომ ტყვია, რომელმაც დანელიას სიკვდილი გამოიწვია, მარცხენა მკერდის მხრიდან გამოვიდა და დანელიას მარცხენა ხელზეც მოხვდა. ამასთან, ამ დრომდე შეუსრულებელია ადვოკატების მოთხოვნა, გამოძიებამ ამოიღოს დანელის მობილური ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაწერი, რათა დადასტურდეს ან გაქარწყლდეს ეჭვი იმის შესახებ, რომ მან სახლში მისვლამდე მეგობრებს დაურეკა და ზეწოლაზე უამბო. რაც შეეხება აღიარებითი ჩვენების საფუძველზე გათავისუფლებულ მალხაზ მურღულიას, მისი გათავისუფლებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის ისტორიაც საკმაოდ საინტერესოა: მალხაზ მურღულია დაკავებისას ბრალს არ აღიარებდა. მან ჩვენება წინასწარი პატიმრობის 25-ე დღეს შეცვალა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს არ მომხდარა მურღულიას ადვოკატის დარეჯან გილაშვილის მცდელობის გარეშე.
საოცარია, მაგრამ არსებობს მონაცემები, რომ ადვოკატი თავის დაცვის ქვეშ მყოფთან სწორედ აღიარებითი ჩვენების მისაღებად მუშაობდა. ამ რებუსის ასახსნელად, უპრიანი იქნება გავარკვიოთ, ვინ არის დარეჯან გილაშვილი და როგორ გახდა ის მალხაზ მურღულიას ადვოკატი. დარეჯან გილაშვილი ალექსანდრე გვაზავას მეუღლეა. ალექსანდრე გვაზავა ერთერთი ეჭვმიტანილია ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში. დარეჯან გილაშვილი მალხაზ მურღულიას ადვოკატი ბახვა ჩიქობავას დაჟინებული მცდელობით გახდა, რომელსაც დაკავებული მურღულია ენდობოდა, როგორც დიდი ხნის მეგობარს. არსებული ინფორმაციით, ბახვა ჩიქობავამ, რომელმაც შამათავას საწინააღმდეგო ჩვენება თავიდანვე მისცა, დარეჯან გილაშვილს პირობა მისცა, რომ თუ მურღულიასგან აღიარებით ჩვენებას მიიღებდნენ, მის მეუღლეს, ალექსანდრე გვაზავას რობაქიძის საქმესთან დაკავშირებულ ბრალს ან მოუხნიდნენ, ან მასთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებდნენ.
დარეჯან გილაშვილმა დავალება შეასრულა და წინასწარი პატიმრობიდან 25 დღის შემდეგ დაარწმუნა მალხაზ მურღულია, რომ მისთვის ხურჩის მოვლენებთან დაკავშირებით აღიარებითი ჩვენების მიცემა აჯობებდა. პირობის პირველი პუნქტი შესრულდა: ჩვენების მიღებიდან მეორე დღესვე პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, მალხაზ მურღულია გაეთავისუფლებინა გირაოს სანაცვლოდ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც. მურღულია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ახლა პროკურატურამ მეორე პირობა უნდა შეასრულოს - რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გვაზავასთვის ბრალის მოხსნა, ან მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
ეს პროცესი გაჭიანურდა, რადგან პროკურატურაში ხელმძღვანელობა შეიცვალა. ჯერ არაა ცნობილი, არის თუ არა ინფორმირებული ზემოთაღწერილ დეტალებზე ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. არც მისი პოზიციაა ცნობილი. ალბათ, ყველაფერი იმის მიხედვით გახდება ცნობილი, რას მოიმოქმედებენ ბრალდების მხარე და სასამართლო ალექსანდრე გვაზავასთან მიმართებაში. თუ მას ბრალი მოუხსნეს ან საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდება. რაც შეეხება ე.წ. ხურჩის ტერაქტს, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
ბრალდებას ხუთი მოწმე ჰყავს. საქმეში დევს მათი აღიარებითი ჩვენებები. ხუთიდან ერთი, ამ დრომდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. როგორც აწ გარდაცვლილი, ისევე დანარჩენი ოთხი მოწმე, აღიარებითი ჩვენების მიცემის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნეს.
მასალის გამოყენების პირობები






