საქართველოს ყოფილი ელჩი ჩეხეთში ნინო ნაკაშიძე კულტურის მოქმედ მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს და ტყუილში ამხელს და ამბობს, თეა წულუკიანმა ძალიან კარგად იცოდა, სად იყო ის ოთხი ნახატი, რომლებზეც დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ნახატები დაიკარგა.
"როდესაც ჩეხეთში ჩავედი, დამხვდა საელჩო, რომელიც განთავსებული იყო ვალუტის გაცვლის პუნქტის თავზე და ზედ ჰქონდა დღიურად გასაქირავებელი სახლი. გადავწყვიტე, რომ აუცილებელი იყო შესაბამისი შენობის მოძებნა. ჩეხეთში საელჩო შევიძინეთ განვადებით, საბანკო კრედიტით, ის თანხა, რომელსაც ვიხდით ქირაში ფარავდა საელჩოს ფასს. გადაწყდა, რომ საელჩოს საზეიმო გახსნა მოგვეწყო, ამიტომ მივმართე კულტურის სამინისტროს, ქართული კულტურის და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის გამოგვეფინა თანამედროვე ქართველი მხატვრების ნახატები, რაც მიღებული პრაქტიკაა, ნიკა რურუასა და დათო ცხადაძის ხელშეწყობით მოხდა საცავებიდან ნახატების ამოღება, მოწესრიგება და სპეციალური კონტეინერებით ჩეხეთში გამოგზავნა, სადაც საქართველოს საელჩოში განთავსდა ეს ნახატები", - ამბობს ნინო ნაკაშიძე "მთავარ არხთან" საუბრისას.
წულუკიანის დღევანდელი განცხადების შემდეგ, ყოფილი ელჩი ნახატებით დაინტერესდა და როგორც აღმოჩნდა, ერთი წლის წინ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მოთხოვნით, ჩეხეთის საელჩომ აღნიშნული ტილოების ფოტომასალა სამინისტროს გადაუგზავნა, რის შემდეგაც საელჩოს ერთი წლით გაუხანგრძლივდა ნახატების გამოფენის ხელშეკრულება.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, კულტურის სამინისტრომ მოითხოვა ნახატების საქართველოში დაბრუნება, ფერწერული ტილოები ჩამოხსნეს და საქართველოში გამოსაგზავნად გაამზადეს.
შესაბამისად უწყებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო სურათების ადგილმდებარეობა.
"მინდა გითხრათ, თეა წულუკიანი მშვენივრად იყო საქმის კურსში თუ სად იყო ნახატები და როგორ უნდა გადმოეტანათ საქართველოში. ძალიან მიკვირს იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყოს ქართული კულტურის პოპულარიზაციას არის ასეთი ბოღმისა და ტყუილის კორიანტელი. ეს მე არაფერს მავნებს, მაგრამ არ მგონია სასიკეთო იყოს იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც კულტურისა და ხელოვნების სფეროში არსებობს, არ ვიცი რა პრობლემები აქვს ქალბატონ თეას, მაგრამ მშვენივრად იცის, რომ ეს ნახატები არავის სახლში არ კიდია და ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას ევროპაში, კერძოდ ჩეხეთში", - თქვა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩეხეთში ნინო ნაკაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






