სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" ოფისთან 2 აპრილს დაკავებული აქტივისტების საქმის წარმოება შეწყდა. "შეცვალეს" 3 წევრის, მარიამ შუშანიას, ნაზი ჭალისურის და სალი მეტრეველის პროცესი გუშინ, გაიმართა.
აქტივისტების უფლებადამცველის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, საქმის წარმოების შეწყვეტა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიცია უკანონო და პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.
"ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიცია ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს კონკრეტულ აქციებზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს აკავებს, ეს არის ფაქტი და ახლა სასამართლომაც თქვა, რომ სამი სამოქალაქო აქტივისტი გოგონა ისე დააკავეს, რომ პოლიციამ კონკრეტული მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და საბოლოო ჯამში მოსამართლეს მოუწია, არათუ ან სიტყვიერი გაფრთხილება ან ჯარიმის გამოწერა, არამედ საქმის შეწყვეტა.
ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ერთი ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ საპატრულო პოლიცია არა კანონის შესაბამისად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური მითითებების შესაბამისად იქცევა",- თქვა ხაბეიშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, რადგან რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის გასაპროტესტებლად მისულებს, დეპუტატ გია ვოლსკიმ უხამსი ჟესტით უპასუხა, რის გამოც აქტივისტებს მწვავე რეაქცია ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები