იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომელმაც გუშინ სასამართლო სისტემაში არსებული ნეპოტიზმის ფაქტები გაახმაურა და მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე გზირიშვილის თანამდებობაზე დანიშნვა მამის გავლენებს დაუკავშირა.
დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, გზირიშვილის მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა, ნეპოტიზმზე საუბარი კი დაუსაბუთებელი:
"გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბულინგის კლასიკური მაგალითი, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ცდილობდა მოსამართლეობის ახალგაზრდა კანდიდატის ალექსანდრე გზირიშვილის დამცირებას მისი ღირსებისა და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფით, რაც საბედნიეროდ, არ გამოუვიდა. ამ ადამიანმა ეთიკურად და ადეკვატურად გაართვა თავი თავდასხმებს. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, როდესაც ქალბატონი ჯანეზაშვილი ცდილობს ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას გზირიშვილთან მიმართებაში, მან არა მხოლოდ უნდა მიუთითოს უდაო ფაქტზე, რომ ალექსანდრე გზირიშვილი ლევან გზირიშვილის შვილია, არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ისიც, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, ან არასათანადო კვალიფიკაციის მქონე იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და განმწესდეს მოსამართლედ. ნაზი ჯანეზაშვილმა აღიარა, რომ კვალიფიკაციის გამოსავლენად სამართლებრივი შეკითხვები არც კი დასვა და შემოიფარგლა მხოლოდ ოჯახური ურთიერთობების კვლევით, რაც ისედაც ცხადია. ამიტომ, ნეპოტიზმზე საუბარი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. ეს არის კიდევ ერთი გამოხტომა საბჭოს არამოსამართლე წევრის. საბედნიეროდ, მე, როგორც მოსამართლე, სხვა მოსამართლეებიც ბედნიერნი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება“, - აცხადებს გვრიტიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






