ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 4.8 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონის გარდა ყველა რეგიონში იკლო. ყველაზე მეტად კი ინფიცირების მაჩვენებელი ევროპის რეგიონში შემცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 2 387 663 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 13%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია 437 076 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 3%-ით მეტია, მესამე ადგილზეა შეერთებული შტატები 235 638 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 21 %-ითაა შემცირებული, მეხუთე და მეექვსე ადგილზე კი არგენტინა ( 151 332 ახალი შემთხვევა) და კოლუმბია (115 834 ახალი შემთხვევა) არიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 86 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.
მასალის გამოყენების პირობები






