საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 26 წლის ყაზახი გოგოს საქმის გამოძიებაში ყაზახელი სამართალდამცავები ერთვებიან. თბილისში უკვე ჩამოსულია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებს.
მანამდე ყაზახეთის სასამართლომ საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, მურად მეირბეკოვს აღკვეთი ღონისძიების სახით 10-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება მას ტრეფიკინგს ედავება.
"მეირბეკოვის წინააღმდეგ კიდევ ერთი ჩვენება მივეცი, სამართალდამცავებს კიდევ ერთხელ ვუთხარი თუ როგორ მოატყუა ჩემი შვილი, ჩაიყვანა საქართველოში და გააუპატიურა. სასამართლომ მურადს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, როგორც ვიცი ყაზახური მხარე ამ დროისთვის ადამიანებით ვაჭრობას ედავება.
ჩემი ოჯახის პოზიცია უცვლელია, ვითხოვ, რომ ქართულმა მხარემ მეირბეკოვის საქართველოსთვის გადაცემა მოითხოვოს და გაუპატიურებისა და მკვლელობის მუხლებით გაასამართლოს", - ამბობს გარდაცვლილის დედა, აისუ აიტპაევა.
მურად მეირბეკოვს დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული საქართველოშიც. პროკურატურა მას 26 წლის ასელ აიტპაევას გაუპატიურების ორ ეპიზოდში ადანაშაულებს. მისი ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ მტკიცებულება სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით არ არსებობს და თუ ყაზახეთში ის ტრეფიკინგის ბრალდებით გამტყუნდება, ეს არ ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დანაშაული საქართველოშიც ჩაიდინა.
მეირბეკოვი არცერთი მხარის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები