ტარიელ ნაკაიძემ "ევროპული საქართველო" დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ნაკაიძემ არჩევნებში "ევროპული საქართველოს" სიით საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, ახლა კი ამ მანდატის გამოყენებასა და საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას აპირებს:
"ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ევროპულ საქართველოს, რათა მომეცა საშუალება, პარლამენტში მოვხვედრილიყავი და შესაბამისად, ამ გუნდთან ერთად ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე. მე ველოდებოდი პოლიტბსაჭოს შეხვედრას, მეც გახლდით წევრი და ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, მე ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას და მხარს ვუჭერ.
თუმცა, ჩემი სპეციფიური ბექგრაუნდიდან და წარმომადგენლობითი ფონიდან გამომდინარე, რომელიც მე მაქვს განსაკუთრებით რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით და ყველა ის გამოკითხვა, რომელიც მე ვაწარმოე ბოლო ამ დროის განმავლობაში, მაძლევს იმის საფუძველს, რომ მე დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი. ამ შემთხვევაში არ და ვერ წარმოვადგენ ევროპულ საქართველოს", - განაცხადა ნაკაიძემ.
შეგახსენებთ, დღეს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საკითხი განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერათ.
ცნობისთვის, პარტიის მანდატიანმა წევრებმა შალვა შავგულიძემ და არმაზ ახვლედიანმა მიშელის დოკუმენტზე ხელი შეთანხმებიდან მალევე მოაწერა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით "ევროპული საქართველო" დატოვა. პარტიამ სულ 5 მანდატი მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები






