ჩუმლაყში ორი თვის წინ მომხდარ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობზე დაკავებულები თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
წინასასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ გაიმართა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით არ გაიზიარა.
საქმე ეხება კრიმინალური ავტორიტეტის და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობასა და მასთან მომუშავე პირის მკვლელობას, რომელიც ცეცხლნანსროლი ჭრილობით გარდაიცვალა.
ადვოკატი ჯუანშერ ტურიაშვილისთვის, რომელსაც გამოძიება მკვლელობას ედავება, 10 ათას ლარიან გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, ხოლო ალექსანდრე ტურიაშვილისთვის, რომელსაც მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ბრალდება, უფლებამდაცველი 5 ათას ლარის გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა.
მკვლელობაში ბრალდებული ჯუანშერ ტურიაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, რაც შეეხება ალექსანდრე ტურიაშვილს, ის გამოძიების მიერ წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება.
შეგახსენებთ, მკვლელობა ჩუმლაყში 25 მარტს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა. არსებული ცნობით, სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის შურისძიებაა.
მასალის გამოყენების პირობები